ექსკლუზივი

“ყველანი დავიხოცებით, ვერავინ გადავრჩებით!” – რას ყვიროდა 27 წლის ფ.ჯ. საკარანტინო სივრციდან სასტუმროს მე-4 სართულიდან გადახტომამდე

ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა კაცი გადახტა. შემთხვევა 14 აგვისტოს, დილის 3 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილიდან კაცი სასწრაფომ კლინიკა ბაუ-ში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულების შეფასებით, კაცს აქვს მრავლობითი მოტეხილობა და მისი მდგომარეობა მძიმეა.

loading...

“ბათუმელები” ესაუბრა თვითმხილველს, რომელიც საკარანტინო სივრცეში მომხდარ ამბავს შეესწრო.

„გუშინ ღამე გამაღვიძა ვიღაცის ყვირილმა. „ყველანი დავიხოცებით, ყველანი მოვკვდებით, აქ ვერ გადავრჩებით“, – ასეთი ხმები იყო. კი ვიცოდი, რომ კარანტინის გამო ოთახი არ უნდა დამეტოვებინა, მაგრამ ვიფიქრე, რომ რაღაც ხდებოდა – ან ხანძარი იყო, ან რამე სიცოცხლისთვის საშიში.

გარეთ რომ გამოვედი, ჰოლში დამხვდა სისხლის წვეთები. გავყევი კვალს და ვიპოვე ბიჭი, რომელიც იყო ერთი სართულით ზევით, მეოთხე სართულზე და ყვიროდა – აქ ვერ გადავრჩები, აუცილებლად გამიყვანეთ აქედანო.

მე ვთხოვე დამშვიდებულიყო. მან მთხოვა დამერეკა პატრულისთვის და დავხმარებოდი.

ამასობაში, სანამ ვამშვიდებდი, ხელში ეკავა სავარძელი, უბრახუნებდა კედელს, არ მომეკაროთო, იძახდა. სანამ ვეხვეწებოდი, სკამი დადე-მეთქი ამ დროს პატრული და კიდევ ერთი კაცი ამოვიდა. ეს კაციც ამ ბიჭთან ერთად იყო ნომერში მოთავსებული. ამ ბიჭს ხელი ჰქონდა დაზიანებული, გაჭრილი. როგორც მითხრა, ხელი მაშინ დაიზიანა, როცა აკავებდა თანამეოთახეს.

პატრულმა მომთხოვა ოთახში დავბრუნებულიყავი, რადგან საკარანტინო სივრცის დატოვების უფლება არ მქონდა. თავიდან არ ვბრუნდებოდი, მაგრამ მერე მეორედ მთხოვეს და დავბრუნდი. ცოტა ხანში რაღაც ხმაური გავიგე. აივანზე გავედი და სხვა კარანტინში მყოფებმა მითხრეს, რომ ვიღაც ბიჭი მეოთხე სართულიდან გადმოხტა.

ვერ დავიჯერე, რომ ეს ის ბიჭი იყო, მეოთხე სართულიდან, რადგან სამ ადამიანთან ერთად დავტოვე. მალევე მოვიდა სასწრაფო და კიდევ დამატებით პატრული. საკაცით წაიყვანეს ეს ბიჭი, სულ გასისხლიანებული იყო. როგორც მითხრეს, ეს ბიჭი თურქეთიდან ჩამოსულა და გზაშივე ამბობდა თურმე, კარანტინში ვერ გავძლებო,“ – უყვება „ბათუმელებს“ თვითმხილველი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შს სამინისტროს იმის გასარკვევად, საპატრულო პოლიციის ორმა თანამშრომელმა რატომ ვერ მოახერხა ამ უბედური შემთხვევის აღკვეთა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ პასუხს აქვე შემოგთავაზებთ.

შს სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა“.

ბათუმელები

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close