ექსკლუზივი

ტრაგედიების მერე ღმერთმა ეს ადამიანი მომივლინა“ – ვინ “იპოვა” ნატო გელაშვილმა ისრაელში

უკვე წელიწადნახევარია ნატო გელაშვილი სამ თვეში ერთხელ წმინდა მიწაზე მოსალოცად დადის. ამ ტრადიციას თავისი ისტორია აქვს. წელიწადნახევრის წინ ისრაელში გაიცნო ადამიანი, ვინაც ნატო იორდანეში განბანა და მას ნათლიად მოიხსენიებს. 

loading...

ნატო გელაშვილი: – ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, წელიწადნახევრის წინ, ისრაელში პირველად ჩავედი. ჩემს კონცერტზე მოვიდა ადამიანი, რომელიც თურმე მამაჩემს იცნობდა. საუბარში მამა და მისი მეგობრები მიხსენა. გავგიჟდი! თან იმ დროს მამა ახალი გარდაცვლილი მყავდა და ამ კაცმა ეს ტკივილი გადამატანინა. წმინდა მიწაზე ის ღმერთმა გამომიგზავნა… მე მას ნათლიას და მამას ვეძახი. და ახლა, როცა არც ჩემი მშობლები აღარ არიან და არც ჩემი ძმა, ეს ღირსეული კაცი ჩემი ოჯახის გაგრძელებაა. ანუ ისრაელში მე ოჯახი მყავს და სტუმრად მასთან ჩავდივარ. ორი თვე რომ გადის, მერაბი მირეკავს, მომენატრე, ნათლი, ბილეთი და გამოფრინდიო… 

საოცრად განათლებული ადამიანია. მართლმადიდებლობაზე იმდენი რამ იცის, მე არ ვიცი ამდენი. ნაბიჯ-ნაბიჯ მომატარა ყველა ადგილი. თან დეტალურად მიამბობს ყველაფერს. გოლგოთის გზა გამატარა. ნათლობით დავიწყოთო და იორდანესთან მივედით, ზუსტად უფლის ნათლობის ადგილას. ოქტომბერი იყო. კვართი დამახვედრა, მდინარეში შემაცილა და სამჯერ ჩაყვნითეო, მითხრა. მდინარიდან ამოსულმა ვუთხარი, ჩემი ნათლია ხარ-მეთქი… ნათლიად მოვიხსენიებ. ბუნებრივია, მონათლული ვარ და ორი ნათლია მყავდა, ერთი გარდაცვლილია. მაგრამ მერაბ მიხაელი მესამე ნათლიად მომევლინა. ის ქართველი ებრაელია. მსგავს ადამიანს – გინდა ადამიანობაში, გინდა რელიგიაში გარკვეულს მართლა არ ვიცნობ. 

65 წლის არის და ინსულტი აქვს გადატანილი. სიარულისას ვეუბნები, დაჯექი, დაისვენე-მეთქი. არა, ნათლი, ნუ გეშინია, უფალი მიგვიყვანსო… 

ერთ-ერთი ვიზიტისას, ნაზარეთიდან პირდაპირ აეროპორტში მოვხვდი. მოვასწრებთ, არ ინერვიულო, უფალს უნდა იქ რომ ჩახვიდეო, მითხრა. უკვე ჩაბარგებული წავედით ნაზარეთში. იქ ყველაფერი მოვიარე, იმდენი საოცრება ვნახე, ჭკუაზე არ ვიყავი, ასტრალში გავედი! აეროპორტში ისეთი ანთებული თვალებით მივედი, ეტყობა, „სხვაგან“ რომ ვიყავი, აშკარად მეტყობოდა. გათიშული ვიყავი, ჩემოდანი დამრჩა. ჩემს რეისზე ქართველი ფეხბურთელი მოფრინავდა, მიცნო, ეს ჩემოდანი დამაწია და თან მითხრა, ქალბატონო ნატო, ისე ასხივებთ, გეხვეწებით თვითმფრინავში ჩემ გვერდით დაჯექით, თქვენგან მადლი რომ გადმომედოსო (იცინის). სახლში მისულმა შვილებიც გადავრიე. დიდი ხანი ვერ გამოვედი შთაბეჭდილებიდან… 

როცა მერაბი მირეკავს ან მწერს, ხშირ შემთხვევაში განსაცდელში ვარ და მისი გვერდში დგომა ძალიან მჭირდება. ამას თითქოს გრძნობს. 

26 თებერვალს ბეთლემში უნდა ჩავიდე. წინა ჩასვლაზე ვერ მოვხვდი და ახლა აუცილებლად უნდა მოვინახულო. აღდგომას იერუსალიმში ვგეგმავ ჩასვლას. ჩემი დაბადების დღე ემთხვევაა, 18 აპრილს მაქვს, 19 აპრილს აღდგომაა. 

ჩემი ოჯახური ტრაგედიების მერე ღმერთმა ეს ადამიანი მომივლინა და ეს უფლის საჩუქარია, მისი ნების გარეშე არაფერი ხდება… მადლობა უფალს და ჩემს უმაგრეს ნათლიას!

width=600

„პრაიმტაიმი“ ბატონ მერაბსაც დაუკავშირდა. მერაბ მიხელაშვილი მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში დაიბადა და როგორც ამბობს, მეგრულთან ერთად შვიდ ენაზე საუბრობს. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად დედაქალაქში ჩამოვიდა. მოსწავლე მერაბმა ორი წელი ბორჯომში გაატარა. სწორედ იქიდან სმენია ნატოს მამის შესახებ. 

მერაბ მიხაელი: – ჩემი ბიძა სკოლის დირექტორი იყო. თბილისში ავადმოყოფის გამო ორი სასწავლო წელი გავაცდინე და ჩემ კლასს რომ დავწეოდი, ბორჯომში ვისწავლე ორი წელი. ვიცოდი, რომ ნატოს მამა უაღრესად პატიოსანი ადამიანი იყო, სტუმართმოყვარე, ლაღი და წინდახედული ადამიანი. ყოველთვის მინდოდა ნატოს გაცნობა, მაგრამ უდროობის გამო ვერასდროს ვახერხებდი. თბილისში ცხოვრების დროს, 1994 წლიდან 2001 წლამდე, რესტორანი „არაგვის“ დირექტორი ვიყავი.  სამაგიეროდ ისრაელში, თელ-ავივის რესტორანში პოეტმა ეკა ქურხულმა გამაცნო. მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ მისთვის გიდობა გამეწია, მეჩვენებეინა წმინდა ადგილები. მე კავშირები მაქვს საქართველოს და იერუსალმის პატრიარქებთან, ქრისტიანული ცოდნა იერუსალიმში შევიძინე. ერთადერთი ებრაელი ვარ, რომელიც ქრისტიანულ მოძღვრებას ვიღებ, ლოცვას, წესებს ვიზიარებ. ჩემთვის მართლმადიდებლობა და ქრისტიანული მოძღვრება ცხოვრებისეულია და თაყვანისცემას იმსახურებს. ბიბლია წაკითხული მაქვს. მიცნობენ, როგორც მერაბ იერუსალიმელს. 1974 წელს ერთ-ერთი ვარ, ვინც ბერძნებს დაკეტილი ჯვრის მონასტერი გავახსევინე. სოხუმიდან გამოგზავნილი ლიმონის ნაყოფი ჯვრის მონასტრის ეზოში ჩავრგე. დღემდე იქ არის, 42 წლის ხეა და „სურვილების ხედ“ არის ცნობილი. ყოველ წელიწადს ისხამს ნაყოფს. სურვილს იფიქრებენ, ლიმონს კრეფენ და მიაქვთ. 

მერაბ მიხაელი იერუსალიმიდან 20 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ მოდიინში ცხოვრობს. მანამდე, წლების მანძილზე იერუსალიმში ცხოვრობდა. ორი შვილი და სამი შვილიშვილი ჰყავს. 

მერაბ მიხაელი: – სასოფლოში ვსწავლობდი. აგრონომი ებრაელი არავის უნახავს, მაგრამ ფაქტია, ეს სასწავლებელი დავამთავრე. 

ყველაფერი ღვთის ნებაა, რაც გადამხდენია. უფალი ყველაფრის ძალას მაძლევს. ყველაფერს გულით ვაკეთებ. ზემოდან არის. როდესაც ადამიანი იბადება, უნდა იცოდეს, რომ ჩვენთან არს ღმერთი! არის და იქნება. მამაზეციერის სახელს ვენაცვალე. რწმენით უნდა ვიცხოვროთ. რწმენაა ყველაფერი. ადამიანი წინ მიჰყავს ცხოვრებაში. ვისაც გონია, ვინმეს მოტყუებით გამდიდრდება და იცხოვრებს, მწარედ ცდება. თუ მოინანიებს, უფალი დაეხმარება, თუ არადა, ჩიხში მოექცევა. უფალი მაძლევს წმინდა ადგილებზე მისვლის და სხვისთვის ამ ადგილების გაზიარების ძალას. მისი წყალობით ყველა ტკბილ ადამიანთან ერთად შემიძლია მოვიარო ადგილები, სადაც უფალმა ფეხი დადგა და მადლი დათესა. ამ მადლით აგრძელებს კაცობრიობა ცხოვრებას. ჩემი ნატო ძალიან მორწმუნეა, ღვთისშვილია და ეს მომწონს. მიხარია, რომ წილად მხვდა ბედნიერება მისი ნათლია ვყოფილიყავი. სამი დამრჩა და შვიდი ნათლული მეყოლება… 

ახლა ნატო იმ ადგილას უნდა მივიყვანო, სადაც ქრისტე იშვა. ბეთლემი პალესტინას ეკუთვნის და სპეციალური საშვით უნდა შევიყვანო. 

საქართველოში ბევრ მომღერალს ვიცნობო, ამბობს, მათ შორის – მერაბ სეფაშვილს, თემურ წიკლაურს, თამარ გვერდწითელს, ბუბა კიკაბიძეს…

11 წელია არ ყოფილა საქართველოში. ექიმმა ახლახან მისცა ფრენის უფლება და გაზაფხულისთვის ჩამოსვლას აპირებს. 

„ჩემს ქვეყანას, ჩემს ქალაქს უნდა ვესტუმრო. ქართულ ქოთანში ამოლესილი ლობიოს და წიწმატის ფასი არაფერია (იცინის). მცხეთა და სვეტიცხოველი უნდა მოვინახულო“ – „პრაიმტაიმს“ განუცხადა მერაბმა…

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close