ექსკლუზივი

საერთაშორისო სკანდალი-“ამერიკელებმა შეიძლება ივანიშვილი საერთაშორისო დამნაშავედაც გამოაცხადონ”

„ალიას“ ესაუბრება  პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელი, იურისტი ვალერი გელბახიანი.


– ბატონო ვალერი, 13 ამერიკელი კონგრესმენი, აშშ–ს  ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ  სტრატეგიაში,  ბიძინა ივანიშვილს ღიად უწოდებს ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეს. ამ ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი ამერიკის საფრთხედ არის მიჩნეული და უკრაინელი ოლიგარქების, ევტუშენკოსა და მედვედჩუკის გვერდით არის მოხსენიებული.  კონგრესმენები, კიდევ ერთხელ და ამჯერად, უფრო მაღალი დონის დოკუმენტში, სანქციების დაწესებას ითხოვენ ივანიშვილისთვის. ეს უკვე რა მასშტაბის დარტყმაა ივანიშვილისთვის?

loading...


– პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. მე არც ერთი პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაფასებ არც ერთ მოვლენას. შეიძლება მქონდეს პრინციპული  შეხედულება და შეფასება,  შეიძლება მქონდეს თანმხვედრი, რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, მაგრამ არავის პოლიტიკურ ინტერესებს არ ვიცავ ამ შეფასებების დროს. ვცდილობ, ვიყო მაქსიმალურად ობიექტური ნებისმიერი მოვლენის მიმართ. ხშირად, ჩემს ინტერვიუებსა და კომენტარებს, სხვა და სხვა საკითხის შეფასებისას, მესმის–ხოლმე იარლიყები, რომ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი ვარ, ეს არის, ის არის… არავინ არ ვარ, რიგითი მოქალაქე ვარ, ჩემი სახელით და გვარით.
ვინაიდან,  ამერიკის წარმომადგენლობითი ორგანო ქმნის დოკუმენტს და თუ ის მოიწონა საკანონმდებლო ორგანოს რომელიმე პალატამ, ეს უკვე ამ ორგანოს ოფიციალური პოზიციაა. ამ ანგარიშმა კონგრესში 153 ხმა მიიღო. ეს უკვე, კონგრესის პოზიციაა და მნიშვნელობა აღარ აქვს, ცამეტმა კონგრესმენმა მოამზადა, შვიდმა თუ ხუთმა. ეს, ფაქტობრივად, ამერიკის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციაა. ეს არის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებული ოფიციალური დოკუმენტი.  ეს უკვე აღარ არის რამდენიმე კანონმდებლის მიერ შედგენილი ტექსტი.

შესაბამისად, ამერიკის ხელისუფლება განახორციელებს შესაბამის ადეკვატურ ღონისძიებებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის საფრთხეები, რაზედაც ანგარიშშია საუბარი. ამ 180 გვერდიანი  დოკუმენტის ერთ–ერთი მონაკვეთი ეხება საქართველოს.  საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატები აღმოსავლეთის მიმართულებით სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს, რეგიონში გვთვლის მთავარ მოკავშირედ. ამიტომ ისინი არათუ გაგვიფრთხილდებიან,  ყველანაირად შეეცდებიან, აგვაცილონ ის საფრთხეები,  რომელიც მოსალოდნელია აგრესიული მეზობლებისგან თუ სხვა სახელმწიფოებისგან.

აქედან გამომდინარე. კონტექსტი არის ძალიან ცნობილი. აქ ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ის საფრთხეებია, რომლებიც საქართველოში შეიძლება წარმოიშვას ამერიკის უსაფრთხოებისთვის. გეოსტრატეგიულად ამერიკას მიაჩნია, რომ საქართველო არის ევრაზიის საკვანძო ქვეყანა. ფულსაც ბევრს ხარჯავენ ამ მიმართულებით და თანამშრომლობასაც ძალიან  ინტენსიურად ანხორციელებენ. ხედავენ, რომ მათ მიერ მხარდაჭერილმა ხელისუფლებამ გადაუხვია იმ პრინციპებსა და მიმართულებებს, რაზედაც ამერიკა აგებს საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობებს, მაშინ ისინი ადექვატურად აფასებენ ხოლმე  ასეთ მოვლენებს.

ამერიკა არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა, არ დაუშვებს, აქ მოხდეს ისეთი რამ, რაც მის უსაფრთხოებას დაემუქრება. პირველ რიგში, აქ მხედველობაში ჰყავთ რუსეთი. იგივე ბიძინა ივანიშვილს რომ  მოიხსენიებენ დესტაბილიზაციის  წყაროდ, ალბათ, მხედველობაში აქვთ ის, რომ რუსეთის ნებისმიერ პროვოკაციაზე საქართველოს  ხელისუფლება იქნება ხელშემწყობი. რუსეთის მიერ ყველაფრის არევაში დაეხმარება, რაც აქ დალაგებული აქვს ამერიკას. აქედან არის, ამ კონტექსტიდან ეს სიმკაცრე ტექსტში. ხედავენ, რომ ჩვენი  ხელისუფლების სათავეში  არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ მტრული სახელმწიფოს დავალებებს, ამერიკას ამაზე  მკაცრი რეაგირება ექნება, ცხადია.
ხელისუფლებამ საპასუხოდ, ამერიკის კრიტიკა დაიწყო. ამერიკას რომ აკრიტიკებ, უკაცრავად და, ამის  უკანალი უნდა გქონდეს. დაბალი დონის დოკუმენტს უწოდებენ ამ დოკუმენტს, გესმის? ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს მიღებული დოკუმენტია  დაბალი დონის და ჩვენი პარლამენტი ყოფილა მაღალი დონისა. ჯიმ  რიში და  ჯინ შაჰინი დაბალი დონის პოლიტიკოსები არიან  და ჩვენი დეპუტატები, ოხანაშვილი თუ მათიკაშვილი არიან მაღალი დონისანი. საკუთარ თავს აკნინებენ და დასაცინად იხდიან თავს ეს ადამიანები. ამ დოკუმენტის შინაარსი, ფაქტები,  აუცილებლად აისახება ამერიკის სახელმწიფო  დეპარტამენტის ანგარიშში და მერეც ეძახონ დაბალი დონის დოკუმენტი.

წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო, ნათქვამია. შტატები გაამწვავებს  ოფიციალურ რიტორიკასაც და ქმედებასაც. ყველა ღონისძიებას გაატარებს, რომ მაქსიმალური ბლოკირება გაუკეთოს ბიძინა ივანიშვილსაც და სხვა პერსონებსაც ხელისუფლებიდან, რომელთაც  საფრთხედ მიიჩნევენ. ძალიან მძიმეა  წასაკითხად, როდესაც  უკრაინელ მაფიოზს, ევტუშენკოს ადარებენ ივანიშვილს. ევტუშენკო ფული გათეთრებაში, იარაღით უკანონო ვაჭრობაში, სისხლიან ოპერაციებშია მხილებული, ინტერპოლია მისი საქმეების გამოძიებაში ჩართული და ამერიკა მას საერთაშორისო დამნაშავედ მიიჩნევს. ამ დონის  ადამიანთან რომ გაგათანაბრეს, არანორმალური უნდა იყო, ვერ დაინახო ის საფრთხე, რასაც გიპირებს ამერიკის ხელისუფლება.

-რას უპირებს ბიძინა ივანიშვილს ამერიკა?


– ამერიკა დიდი სახელმწიფოა, რომელმაც სიტყვის საქმედ ქცევა იცის. რომელიმე დაპირება ჩვენთვის არ აუსრულებია? მისთვის არასასურველ ლიდერებს, ვისაც რას შეპირდნენ,  ყველაფერი აუსრულეს. პირდაპირ ვიტყვი, ვისაც  დაემუქრნენ, შეუსრულეს. ამ დოკუმენტს, პირველ რიგში, მოჰყვება სანქციები ბიძინა ივანიშვილის  წინააღმდეგ. თუ გამოძიება დაიწყო ამერიკამ, მერე შეიძლება საერთაშორისო დამნაშავედ გამოაცხადონ.

– მე იმის მეშინია, ჩვენს  სახელმწიფოსაც არ „გამოუწეროს“ სანქციები ამერიკამ. ამით ქვეყანა და ხალხი დაზარალდება.


– არა, ის კონტექსტი, რაც ამ დოკუმენტშია, ქვეყანას არ ეხება. იქ ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილზეა ლაპარაკი და ქვეყანა – საქართველო ამერიკისთვის საფრთხის შემცველად არავის უხსენებია. მთავარი აქცენტი ივანიშვილზე, პუტინისა და მის დაახლოებაზეა გაკეთებული. ამერიკის დასკვნა რად გინდა, ლამის ნახევარი საქართველო შემოგვიღობეს რუსებმა, ხელისუფლება კიდევ ხმას არ იღებს. მეტი რაღა დასტური გინდა? რუსების მიერ ჩვენი მოტაცების თითოეულ ფაქტზე, ახლა კი არა, ესენი რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, იმ დღიდან უნდა ატეხილიყო მსოფლიოს მასშტაბის აჟიოტაჟი. ეს ერთგვარი  თავდაცვის მექანიზმი იქნებოდა ამ მცოცავი ოკუპაციის  წინააღმდეგ. მასობრივი საპროტესტო აქციები უნდა იმართებოდეს, ჯარი უნდა იყოს მიყენებული საზღვრებთან, და ეს ყველაფერი შემაკავებელი ფაქტორი იქნებოდა ჩვენთვის. ამის ნაცვლად, ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც „სამხრეთ ოსეთის“ მოსაზღვრე სოფლებში  ცხოვრობენ, რომელთა მიწებიც მიიტაცეს  რუსებმა, რომელთა მიტაცებასაც აპირებენ და  ამის აშკარა ნიშნები არსებობს, ხმას ვერ იღებს და თავად ვერ აპროტესტებს სათანადოდ ამ აგრესიას. დაშინებულია ხალხი და იმიტომ ვერ იღებს ხმას.

ჩვენივე ხელისუფლება აშინებს ყველას, ვინც  ვინც აქტიურობს – სუს–ში იბარებენ, დაკითხვებს უწყობენ, ემუქრებიან და ჩუმად ყოფნას აიძულებენ. ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ვუთმობთ ყველაფერს რუსეთს, რისი დათმობაც მას სურს? ანაკლიის პორტის აშენების საკითხი რომ ჩაძირა ივანიშვილმა?  ეს არ იყო რუსეთის ინტერესების შესატყვისი და ამერიკის სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგო?  ჩვენ ვხედავთ და ამერიკა ვერ ხედავს? სტრატეგიულ პარტნიორად რომ აგვირჩია ამერიკამ რეგიონში და შენ აქ რუსეთის გავლენას აძლიერებ, ამაზე დახუჭავენ  თვალს? აქ რომ ჩამოვთვალო, რუსეთის საამებელი, რუსეთის  პოლიტიკური და სტრატეგიული ინტერესების  შესატყვისი რამდენი გადაწყვეტილება მიიღო ამ ხელისუფლებამ, შესაძლოა, რამდენიმე საათი მოგვიწიოს საუბარი.


– ბატონო ვალერი, პარლემენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის შექმნილ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ ნეგატიური აქცენტები, იმ ლობისტების დამსახურებაა, რომელთაც „ნაცმოძრაობა“ უხდის ფულს. „ქართული ოცნების“ „გამპრავებლები“ პირდაპირ კონგრესმენებს ადანაშაულებენ ფულის აღებაში, მათ შორის, სერიოზული და ცნობილი ადამიანები. თუ ფულით ამერიკელი კონგრესმენების მოსყიდვა შეიძლება, თუ გადაუხდი მათ  ლობისტებს და საკუთარ ჭკუაზე ატარებ, მაშინ გამოდის, რომ „ნაციონალები“ ზუსტად იმ მოედანზე  უგებენ თამაშს ივანიშვილს,  რომელიც მისი  საყვარელი მოედანია, საკუთრად თვლის – ფული არ აკლია და არც პოლიტიკური მიზნებისთვის, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ინანებს მას,  არც პოლიტიკოსების მოსყიდვაზე ამბობს უარს. გადაიხადოს მაშინ უფრო მეტი  ფული  და თუ ასეა, მის სასარგებლო და მხარდამჭერ განცხადებებს გააკეთებენ და მისთვის სასურველ ანგარიშებს დაწერენ ამერიკელი კანონმდებლები.  „ნაციონალებმა“ ფულით როგორ უნდა აჯობონ ივანიშვილს, ვერ გამიგია?!


–  ამას აქვს ორი პასუხი. ერთი, რომ ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი ფული. თუ  „ნაცმოძრაობამ“ ამერიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იყიდა, მისი მოსყიდვა  შეიძლება, მაშინ ივანიშვილი უფრო მეტი დამნაშავე გამოდის. რატომ არ ყიდულობს? მეორე, თუ ივანიშვილის გუნდი იმას ამტკიცებს, რომ „ნაციონალებმა“ მოისყიდეს ის კონგრესმენები, მაშინ ბრალს სდებენ ამერიკის უმაღლეს  საკანონმდებლო ორგანოს. ამ ორიდან რომელი პასუხიც გინდა აიღე, ნორმალური არ უნდა იყო ადამიანი, ეს რომ სერიოზულად მიიღო. იმდენად დიდი აბსურდია, იმდენად არაგონივრული, არაპოლიტიკური, ამოუხსნელი პოზიცია აქვთ „ქართული ოცნების“  წარმომადგენლებს, რომ  თითქოს ამ პლანეტაზე  არ ცხოვრობენ და საიდანღაც მოვიდნენ. ბიძინა ივანიშვილის სამსახურში არიან, სურთ მას ასიამოვნონ, იმიტომ ლაპარაკობენ ასე და ეს არის მათი პოლიტიკური კრედო, ეს ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ და ეს ყველაფერი, ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა, ეს ცრუპენტელობა, დახვდებათ მალე  წინ. ბიძინა ივანიშვილი როდესაც აღარ იქნება ხელისუფლებაში, ამ იდიოტურ გამონათქვამებს, კომენტარებს თუ სოც–მედიით გამოთქმულ აზრებს,  წინ დაუდებენ, შეფასდება ეს ყველაფერი და დაერქმევა თავისი სახელი. ესენი გამოდიან საქართველოს სახელმწიფოს  წინააღმდეგ.


– ამერიკა  ამდენი ხანია სანქციებით იმუქრება, მაგრამ აქამდე  არ მიდის საქმე. ბოლოს და ბოლოს,  დაუწესებს სანქციებს ბიძინა ივანიშვილს თუ კიდევ რამდენიმე მკაცრი განცხადება და ანგარიში იქნება და ამით დასრულდება ყველაფერი?


– გითხარი, რომ ამერიკა ვისაც დამუქრებია, ყველას ყველაფერი შეუსრულა, პიროვნებებსაც და სახელმწიფოებსაც.  ვფიქრობ, ამერიკა  ამ გზით მიდის და კიდევ უფრო გაამკაცრებენ ბიძინა ივანიშვილის  წინააღმდეგ  ქმედებებს, ესეც  მოგახსენეთ. ამას ის მაფიქრებინებს, რომ გამოდიან „ქართული ოცნების“  წარმომადგენლები და ამერიკელი ლობისტებისა  და კონგრესმენების მოსყიდვაზე ლაპარაკობენ, სიმართლეს თვალს არიდებენ, რაც  დააშავეს, იმის გამოსწორებას არ აპირებენ და ყოველდღიურად ატყუებენ სტრატეგიულ პარტნიორს. ამით უფრო ძაბავენ სიტუაციას ამერიკასთან, აახლოებენ სანქციებისა და ხისტი სხვა  ღონისძიებების გატარებას ივანიშვილისა და სხვა პერსონების  წინააღმდეგ.

„ქართული ოცნების“ სპიკერები ახლა უნდა აცხადებდნენ, რომ ამ 13 კონგრესმენის დასკვნა მათთვის შემაშფოთებელია, ყურადსაღებია, ყველაფერს გააკეთებენ, რომ სტრატეგულ პარტნიორ ქვეყანასთან, ამ კონკრეტულ კონგრესმენებთან ურთიერთობა გაარკვიონ, დაალაგონ და თუ რაიმე შეცდომა დაუშვეს,  იმას აღარ გაიმეორებენ. არა, ესენი  ისევ თავისას მიერეკებიან, რაღაც მოსყიდვასა და სისულელებზე ლაპარაკობენ, თითქოს ამ ქვეყნად არ იყვნენ. ეს კიდევ  დამატებით საფუძველს აძლევს ამერიკის ხელისუფლებას, რომ უფრო ხისტად მოექცეს ივანიშვილსაც და მისი გარემოცვის  წევრებს, დაუწესოს მათ სანქციები. თუ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებამდე  დაუწესეს სანქციები, ერთ კაცსაც ვეღარ ნახავთ მის გვერდით, მის  ყველაზე ერთგულ თანამებრძოლებად  რომ ასაღებენ თავს, მათ  ვეღარ იპოვის ივანიშვილი, ყველა შემოეფანტება.  გასაქცევად რომ გაუხდეს საქმე, აეროპორტში ჩემოდნების  წამღები  აღარ შერჩება. არჩევნებამდე საქმე აღარც მივა, ისე შეიცვლება ხელისუფლება და მერე, ახალი ხელისუფლება ჩაატარებს არჩევნებს.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №20

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close