სამართალი

მკვლელობა ბოთლით – ვინ იყო ,,მიშა მევალე“, რატომ მოკლა ,,პითაგორა“ და რა კავშირი ჰქონდა მას შაქრო კალაშოვთან

მე-20 საუკუნის 80-იან წლებამდე, როგორც ძალოვანი უწყების თანამშრომლები ამბობენ, კანონიერი ქურდის მიერ თანამოძმის მოკვლა ,,გრეხად“ ითვლებოდა და ამის გამო მისთვის, შესაძლოა, ტიტულიც ჩამოერთმიათ, მაგრამ «კრიმინალურ კოდექსში» შეტანილი ცვლილების შემდეგ, ,,შავ სამყაროში“ ე.წ. ,,ბეზპრედელი“ დაიწყო. სისხლიანი გარჩევების ინიციატორები, როგორც წესი, ძველი თაობის ,,კანონიერი ქურდები“ იყვნენ, რომლებიც ავტორიტეტების, ასე ვთქვათ, გამაფიოზებას ვერ შეეგუვნენ. თავის დროზე ერთ-ერთმა ძალოვანმა საინტერესო ისტორია მიამბო, რომლის მთავარი პერსონაჟიც ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, შაქრო კალაშოვის მეგობარია…

loading...

,,მიშა მევალე”

…მიშა ცომაია ტიპური ინტელიგენტის ოჯახში დაიბადა – მამა, ბატონი ინდიკო ცეკა-ში ინსტრუქტორად მუშაობდა; დედა, ქალბატონი ელეონორა პედაგოგი გახლდათ. მშობლები ერთადერთ ვაჟს, როგორც იტყვიან, ზედ ჰყვებოდნენ და ყველა კაპრიზს უსიტყვოდ უკმაყოფილებდნენ.

მეცხრე კლასამდე მიშა ფრიადოსანი იყო, მაგრამ შემდეგ სწავლაზე ხელი აიღო და დილიდან საღამომდე ქუჩა-ქუჩა დახეტიალობდა. სკოლის დირექტორმა ქალბატონი ელეონორა რამდენჯერმე დაიბარა და გააფრთხილა, ასე და ასეა საქმე, მიშა გაკვეთილებს აცდენს და საეჭვო რეპუტაციის ბიჭებთან მეგობრობსო.

– ჩემი შვილი ცუდს არასოდეს გააკეთებს! – მიახალა ქალბატონმა ელეონორამ დირექტორს…

გამოხდა ხანი…

ერთხელ, მიშამ მშობლებს განუცხადა, ძმაკაცებთან ერთად ქუთაისში მივდივარ დასასვენებლად და ერთ კვირას იქ დავრჩებიო…

შინ დაბრუნებულ მიშას ახალი შარვალი ეცვა.

– მიშა, შარვალი ქუთაისში იყიდე? – ჰკითხა დედამ.

– ძმაკაცმა მომცა!

– გაჩუქა?

– არა, ჩემი ვალი ჰქონდა. ფული ვერ დამიბრუნა და სანაცვლოდ, შარვალი გამოვართვი, – ამაყად წარმოთქვა მიშამ.

– დედიკო, ასე აღარასოდეს მოიქცე, – დაუყვავა ქალბატონმა ელეონორამ…

მიშამ დედის დარიგება, ბუნებრივია, ყურად არ იღო და «ვალების დაბრუნება» განაგრძო. ამიტომ, «მევალე» შეარქვეს.

სხვათა შორის, ქალბატონი ელეონორა დარწმუნებული იყო, რომ მთელ უბანს მისი შვილის ვალი ჰქონდა

და აზრად არ მოსდიოდა, რომ მიშა «კრიმინალურ ცხოვრებას» ეწეოდა.

საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, მშობლებმა მიშა სასწავლებლად მოსკოვში გააგზავნეს, სადაც ბიჭმა თბილისელი საშა ომაროვი, იგივე «რიჟა» გაიცნო. «რიჟას» ციხეში 15 წელი ჰქონდა გატარებული და კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტად ითვლებოდა.

ერთხელ, «რიჟამ» «მევალეს» შინ გაუარა და განუცხადა:

– ძმაო, მაგარი საქმეა, წამოხვალ?

– რა საქმე? – დაინტერესდა «მევალე».

– დიდი თეატრის ერთ ბალერინას შავი ბრილიანტის ყელსაბამი აქვს, რომელიც, მინიმუმ, 20 ათასი დოლარი ეღირება. ეგ ბებერი, როგორც «ნაკოლჩიკმა» მითხრა, ორი დღით ქალაქიდან გადის და…

– «ნაკოლჩიკი» სანდოა? – «რიჟას» სიტყვა «მევალემ» გააწყვეტინა.

– «იასნია», სანდოა…

«რიჟა» და «მევალე» შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს მეორე დღეს, ნაშუადღევს ბალერინას სახლის სადარბაზოსთან შეხვდებოდნენ…

მძარცველებმა კარი «ატმეჩკით» გახსნეს…

დიდი თეატრის მოცეკვავეს შავი მარგალიტის ყელსაბამი გარდერობში, თეთრეულთან ერთად ჰქონდა შენახული…

– აბა, «დავახვიეთ» აქედან, – წამოიძახა «მევალემ» და ცელოფანში გახვეული ნადავლი ჯიბეში ჩაიდო.

– რა გვეჩქარება? – დარდიმანდულად ჩაილაპარაკა «რიჟამ» და გეზი სამზარეულოსკენ აიღო.

– მანდ რაღას ეძებ?

– მშია…

«რიჟამ» მაცივარი გამოხსნა და შეჰყვირა:

– ბებერს, ალბათ, გულმა უგრძნო, რომ კატლეტი მიყვარს…

მძარცველები მაგიდას მიუსხდნენ…

მოულოდნელად კარზე დააკაკუნეს.

«რიჟას» ლუკმა ყელში გაეჩხირა… კაკუნი განმეორდა. «მევალემ» «რიჟა» ლოჯიაში გაათრია, ფანჯარა გამოხსნა და «პადელნიკს» უყვირა:

– ადი!

– შენ, რა, გაგიჟდი? გინდა, მეშვიდე სართულიდან გადავხტე?

– «ახვარო», კი არ უნდა გადახტე, არამედ, საწვიმარ მილს ჩაეჭიდე და დაბლა ჩაცოცდი…

«რიჟამ» ბრძანება უსიტყვოდ შეასრულა…

შავი მარგალიტის ყელსაბამის ქურდობის საქმე მალე გაიხსნა, რადგან ბალერინას ბინაში «რიჟას» ლაბადა დარჩა, რომელშიც მის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა იდო…

«მევალეს» და «რიჟას» 13-13 წელი მიუსაჯეს.

«მევალემ» «პითაგორა» სწორედ რუსეთის ციხეში გაიცნო.

,,პითაგორა”

«პითაგორა», იგივე ლექსო ნიკოლავა 30 წლის ჯმუხი, ჭრელთვალება მამაკაცი იყო. მთელ დღეს ნარზე იწვა, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და პატიმრებს თითქმის არ ელაპარაკებოდა.

– აქ შენი «ზემლიაკია», – უთხრეს «მევალეს» თანასაკნელებმა.

– ვინ არის?

– მე რა ვიცი, ვინ არის, თავი მწვანე კიტრი ჰგონია, ერთი მაგის დედაც…

«მევალე» «პითაგორას» გამოელაპარაკა…

ლექსო ნიკოლავას დედა ერთ-ერთ ორგანიზაციაში დამლაგებლად მუშაობდა, შინ გვიან ბრუნდებოდა და შვილს ყურადღებას ვერ აქცევდა. ბიჭი კარგი მოსწავლე არასოდეს ყოფილა, მაგრამ მათემატიკა უყვარდა და თანაკლასელებმა «პითაგორა» ამიტომაც შეარქვეს.

მან პირველი დანაშაული 12 წლისამ ჩაიდინა – მეზობლის სახლიდან 5 მანეთი მოიპარა. მილიციაში წაიყვანეს და ხელწერილი დააწერინეს, რომ აღარასოდეს იქურდებდა…

ერთხელ, ლექსო თანაკლასელ გაგა ყოჩაშვილს ესტუმრა. გაგამ მეგობარს 40 წლის მამაკაცი გააცნო და დასძინა:

– ეს ბიძაჩემია. ციხიდან ახლა გამოვიდა. ძალიან მაგარი კაცია…

მას შემდეგ ლექსომ ყოჩაშვილების ოჯახში სტუმრობას მოუხშირა.

ერთხელ, გაგას ბიძამ ბიჭები გვერდით მოისხა და განუცხადა:

– გინდათ, ციხეზე მოგიყვეთ?

– გვინდა, – წამოიძახეს ლექსომ და გაგამ…

40 წლის მამაკაცი გატაცებით ლაპარაკობდა. ბიჭები თვალგაფართოებულები უსმენდნენ. გაგას ბიძამ თხრობა რომ დაასრულა, ლექსოს აღმოხდა:

– აუ, რა მაგარი ყოფილა ციხე!…

გამოხდა ხანი… გაგას ბიძამ ბავშვები ისევ თავისთან იხმო და პირველი დავალება მისცა – სკოლის დირექტორის სახლი უნდა გაეძარცვათ…

ბიჭები შემთხვევის ადგილზე დააპატიმრეს და 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი რომ მოისმინა, ლექსოს დედას სასამართლო დარბაზში გული გაუსკდა.

სასამართლო პროცესს ლექსოს მამაც ესწრებოდა, რომელსაც ბიჭმა მიაძახა:

– შე «ახვარო», ყველაფერი შენი ბრალია, მე და დედაჩემი რომ არ მიგეტოვებინე და იმ კახპასთან არ გაქცეულიყავი, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი!..

ლექსოს მამამ სასამართლო დარბაზი უსიტყვოდ დატოვა…

…მიშა «მევალემ» და «პითაგორამ» ერთ საკანში ხუთი წელი გაატარეს. მათ მეგობრობა ციხიდან გამოსვლის შემდეგაც გააგრძელეს.

ერთხელ, «მევალემ» «პითაგორა» სტუმრად წაიყვანა, თუმცა წინასწარ არ უთქვამს, ვისთან მიდიოდნენ.

მასპინძელი შაქრო კალაშოვი აღმოჩნდა…

– თუ კალაშოვს იცნობდი, «ზონაზე» რატომ არ მითხარი? – უსაყვედურა «პითაგორამ» «მევალეს».

– მაშინ არ ვიცნობდი, – თავი იმართლა მიშამ…

მკვლელობა ბოთლით

1982 წელს «პითაგორა» საქართველოში დაბრუნდა და გაგა ყოჩაშვილს მიაკითხა.

გაგამ ბავშვობის მეგობარი გულღიად მიიღო და თავისთან ცხოვრება შესთავაზა…

ერთხელ, გაგას ცოლისდა ირმა ესტუმრა. «პითაგორას» გოგონა მოეწონა. მის მიმართ გულგრილი არც ირმა დარჩა და სიძესთან სტუმრობა ტრადიციად აქცია.

– მე და ირმამ დაქორწინება გადავწყვიტეთ, – განუცხადა «პითაგორამ» გაგას.

– შენზე უკეთეს ქვისლს სად ვიპოვი?! – გაიცინა გაგამ…

«პითაგორა» და ირმა საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ…

«მიშა მევალეს» ირმა მაინცდამაინც არ მოეწონა და ერთი-ორჯერ «პითაგორას» ორაზროვანდ განუცხადა, ქალებს არ ვენდობი და ამიტომაც არ ვქორწინდებიო…

გამოხდა ხანი…

«მევალემ» და «პითაგორამ», ორ ძმაკაცთან ერთად, რუსი მილიონერის სახლი გაძარცვეს, საიდანაც, ძვირფასეულობასთან ერთად, 80 ათასი დოლარიც წაიღეს. ძვირფასეულობა გაყიდეს და აღებული თანხა, ნაქურდალ 80 ათასთან ერთად, «პითაგორას» ნაქირავებში შეინახეს…

– მიშა, თუ გცალია, დღეს ჩვენთან გამოდი, – დაურეკა ერთხელ ირმამ «მევალეს».

– რა ხდება?

– საქმეზე ვარ გასასვლელი და ბავშვს მარტო ვერ ვტოვებ…

– მოვალ, – მკვახედ მიუგო «მევალემ» და ყურმილი დაკიდა…

…იმ დღეს ირმა უცნაურად იქცეოდა – «მევალეს» ყავა მოუდუღა, შოკოლადიც შესთავაზა.

– ეს წაკლა რამე შარში გამხვევს, – გაუელვა «მევალეს».

– მიშ, ბავშვი დავაძინე და ერთი საათით გავალ. შინ რომ დავბრუნდები, ლუდს მოვაყოლებ, – განუცხადა ირმამ ქმრის ძმაკაცს და ლოყაზე აკოცა.

– წადი! – ცივად მოიშორა «მევალემ» ქალი…

ირმამ ლუდი მართლა მოიტანა…

სამი დღის შემდეგ, ნაშუაღამევს, «მიშა მევალეს» თავზე «პითაგორა» დაადგა.

– ადექი, შე ახვარო, – ღრიალებდა «პითაგორა».

– რა დაგემართა?

– კაცი კი არა, «პიდარასტი» ყოფილხარ, – «პითაგორას» დუჟი მოსდიოდა.

– ბიჭო, სიტყვები შეარჩიე, – უკან არ დაიხია «მევალემ».

– სად წაიღე «მაყუთი»?

– რა «მაყუთი»? – დაიბნა მიშა.

– ვითომ არ იცი, რა «მაყუთზე» გელაპარაკები, შენი დედაც…

ამასობაში ის ორი პიროვნებაც მოვიდა, რომელიც «პითაგორას» და «მევალეს» რუსი მილიარდერის ბინის გაქურდვაში ეხმარებოდნენ.

მათ ირმა მოიყვანეს. ქალი ნაცემი ჩანდა…

– გაიმეორე, რაც მე მომიყევი, – უყვირა ცოლს «პითაგორამ».

– არ მინდოდა, მიშა სახლში მარტო დამეტოვებინა, მაგრამ თავი არ დამანება. შინ რომ დავბრუნდი, მიშა აღარ დამხვდა… მაშინვე სამალავი შევამოწმე, მაგრამ ფული იქ აღარ იდო. 80 ათასის არსებობის შესახებ მხოლოდ ჩვენ ვიცოდით, სახლში უცხო არ შემოსულა და დარწმუნებული ვარ, ფული მიშამ აიღო, – სლუკუნებდა ქალი.

– რას როშავ, ბოზო?! – იღრიალა «მევალემ».

«პითაგორამ» მაგიდიდან შამპანურის ბოთლი აიღო და ძმაკაცს თავში ჩაარტყა. სისხლმა შადრევანივით იფეთქა…

– მგონი, მოკვდა, – ჩაილაპარაკა რამდენიმე წუთის შემდეგ «მევალესა» და «პითაგორას» ერთ-ერთმა «პადელნიკმა».

– ტყუილია! – არაადამიანურად იყვირა «პითაგორამ»…

«მიშა მევალე» მოსკოვის ერთ-ერთ სასაფლაოზე დამარხეს…

შეუმოწმებელი ინფორმაციით, «პითაგორა» შაქრო კალაშოვმა დაიბარა და დაემუქრა, თუ არ დაამტკიცებ, რომ ფული მართლა «მევალემ» მოიპარა, შენც და შენს ცოლ-შვილსაც ცოცხლად დაგმარხავთო…

«მიშა მევალეს» გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ირმა შინიდან გაიპარა. მან «პითაგორას» წერილი დაუტოვა:

«ლექსო, მაპატიე, აღარ მიყვარხარ და შენთან ვეღარ ვიცხოვრებ. ისე, იცოდე, ის ფული «მევალემ» კი არა, მე მოვიპარე… ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენმა შვილმაც დაგივიწყოს. ირმა».

გაოგნებული «პითაგორა» ადგილიდან არ იძროდა…

შემდეგ ირმას წერილი დაჭმუჭნა, ხელი ზურგს უკან წაიღო და…

მეზობლებს გასროლის ხმა არ გაუგიათ…

გარდაცვლილი «პითაგორა» ბინის პატრონმა სამი დღის შემდეგ იპოვა, რომელმაც მდგმურებს ქირისთვის მიაკითხა.

«პითაგორა», რომელსაც ტყვია შუბლში ჰქონდა მოხვედრილი, მოსკოვიდან თბილისში გადმოასვენეს.

ირმა დასაფლავებას არ დასწრებია.

შეუმოწმებელი ინფორმაციით, ის გერმანიაში ცხოვრობს…

ვანო პავლიაშვილი

https://www.newposts.ge/
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close