ექსკლუზივი

ეს ყველას ეხება !!! რა გზებით იგეგმება ლარში სესხების გაიაფება? – რა ინსტრუმენტებზეა საუბარი, რაც სესხზე პროცენტს დაწევს

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურმა დღეს გაავრცელა ოფიციალური რელიზი, რომლის თანახმად, სებ-ის ინფორმაციით, შეიქმნება ინსტრუმენტი, რაც სესხებს გააიაფებს. BMG-ის გადაცემა “ანალიტიკა” დაინტერესდა, კონკრეტულად რა ინსტრუმენტებზეა საუბარი, რაც სესხზე პროცენტს დაწევს. საკითხზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ისაუბრა. მან თავდაპირველად განმარტა, თუ რა ვითარებაა ბაზარზე და შემდეგ ეროვნული ბანკის მექანიზმზე გააკეთა კომენტარი.

loading...

“ბაზარზე დღეს ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაზრდილია, რაც გამოიწვია ორმა ფაქტორმა: ერთი მხრივ, ქვეყანაში გაზრდილი რისკები, რაც გამომდინარეობს ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც თავის მხრივ ვირუსმა გამოიწვია, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, სესხის გაცემისას გაზრდილია იმის ალბათობა, რომ შესაძლოა, სესხი ვერ დაბრუნდეს. შესაბამისად, ამის რისკის პრემია ჩაიდო საპროცენტო განაკვეთებში, თუმცა, ლარის საპროცენტო განაკვეთები, ასევე, გაზრდილია დეპოზიტებზე და ეს განაპირობა იმან, რომ ბანკებმა დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები გაზარდეს იქიდან გამომდინარე, რომ ლარში გაუჩნდათ სამომავლო შიშები, რომ შეიძლება ლიკვიდობის საჭიროება გაჩნდეს. დღეს ლარის ლიკვიდობის პრობლემა არ დგას, თუმცა, შიშები გაზრდილი იყო საბანკო სექტორში.

ამის დასაბალანსებლად ჩვენ რამდენჯერმე საჯარო განცხადებაც გავაკეთეთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მოვალეობა არის ის, რომ ბაზარს მივაწოდოთ იმდენი ლიკვიდობა, რამდენიც სჭირდება. ამას უზრუნველვყოფთ კიდეც. ლარში შეიძლება ვთქვათ, რომ რესურსი გვაქვს ულიმიტო, მაგრამ ამ ლარის მიწოდების წყაროები გავაფართოვეთ დღეს და ადრე თუ ვთქვათ მხოლოდ რეფინანსირების ინსტრუმენტის საშუალებით ვაწვდიდით, ერთი მხრივ, ვიგირავებდით სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს, მეორე მხრივ, ვიგირავებდით იპოთეკურ პორტფელს, დღეს ამ გირაოს ბაზა საკმაოდ გაზრდილია.

უკვე ავამოქმედეთ სავალუტო სვოპები ანუ ჩვენ ლარს მივაწვდით ბანკებს დოლარის უზრუნველყოფით. ბანკებს თუ აქვთ ჭარბი დოლარი და დღეს დოლარის სიჭარბე ლართან შედარებით არის სისტემაში, ამ ჭარბ დოლარს მოიტანენ ეროვნულ ბანკში და სანაცვლოდ ჩვენ მივაწვდით ლარს. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით, უკვე მზადყოფნა არის გამოცხადებელი 600 მლნ დოლარის ეკვივალენტის ლარის მიწოდებაზე. გარდა ამისა, ამ დღეებში გვქონდა კომუნიკაცია კომერციულ ბანკებთან და დავამატეთ კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რაც გულისხმობს მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხების რეფინანსირების სესხის გაცემას ანუ მცირე და საშუალო სესხების პორტფელს ჩავიდებთ უზრუნველყოფაში და ამის უზრუნველყოფით გავცემთ რეფინანსირების სესხს“, – განმარტა პაპუნა ლეჟავამ.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმითვე, ეს უნდა მოხდეს ისე, რომ ინფლაციაზე არ გაჩნდეს დამატებითი ზეწოლა. მისივე მტკიცებით, თუ სებ-ი დაინახავს ასეთ საშიშროებას, ამის დასარეგულირებლად უკვე სხვა ინსტრუმენტი არსებობს.

“მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გვაქვს, მათ შორის, ასევე, განვიხილავთ აქტიურ მონაწილეობას სავალუტო ბაზარზე, რაც პრინციპში დავიწყეთ კიდეც, უკვე რამდენიმე აუქციონი ბოლო ერთი თვის განმავლობაში გავაკეთეთ. შესაბამისად,  ლარის მიწოდება ბაზრისთვის მოხდება ისე, რომ ამან არ შექმნას დამატებითი წნეხი  კურსსა ან ინფლაციაზე. ლარის რესურსი ეროვნულ ბანკს გააჩნია. ფულის წარმოქმნას ეკონომიკაში ხელს უწყობს ეროვნული ბანკი. ჩვენ არ გვჭირდება ამ ფულის მოზიდვა… ფიზიკურად არ დაიბეჭდება ახალი ფული, თუმცა, თუ ამის საჭიროება იქნება, ჩვენ მივაწვდით ახალ ლარის რესურსს. ჩვენ ეს ინსტრუმენტი უფრო მეტად შემოღებული გვაქვს უსაფრთხოების მიზნით, რომ ის შიშები, რაც ბაზარზე იყო, გაქრეს და საპროცენტო განაკვეთი, სადაც ეს შიში აისახებოდა, შემცირდეს. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ინსტრუმენტების გამოყენება სრულად მოხდება. უბრალოდ, ეს იქნება გარკვეულწილად დაზღვევა კომერციული ბანკებისთვის და მთლიანად ბაზრისთვის.

ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით, რომ საკმარის ლიკვიდობას ყოველთვის მივაწვდიდით ბაზარს, თუმცა როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი, დამატებითი უსაფრთხოების კუთხით რომ დამშვიდდეს ლარის ბაზარი, ამ მიზნით შევქმენით ეს ინსტრუმენტები. ეს ღია ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ დროს შეიძლება. გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ლიკვიდობის შიშებიდან გამოწვეული საპროცენტო განაკვეთების ზრდა რაც იყო, ეს მთლიანად თუ არა, დიდწილად უნდა გაქრეს, თუმცა საკრედიტო რისკის ნაწილში ეს ლარის ინსტრუმენტები არ დაეხმარება; რა თქმა უნდა, ის რისკი, რომ სესხის გაცემისას დაბრუნების რისკის არის გაზრდილი, ამას ეს ინსტრუმენტი ვერ უშველის, თუმცა, ამ რისკის შესამცირებლად მთავრობამ შემოიღო საკრედიტო საგარანტიო სქემა, რაც ნაწილობრივ შეამცირებს რისკებს და საკრედიტო განაკვეთების ზრდასაც, მაგრამ არასრულად“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, დღეს, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, ეროვნულმა ბანკმა და ანალიტიკურმა-კვლევითმა ორგანიზაციებმა, საკონსულტაციო პლატფორმის ფორმატში, ეპიდემიის ეკონომიკური შედეგები და მთავრობის პოსტკრიზისული გეგმის ძირითადი საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ გავრცელებული პრესრელიზიდან ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება რამდენიმე დამატებითი ინსტრუმენტი, რომელთა საშუალებითაც, შესაძლოა შემცირდეს ის საპროცენტო განაკვეთები, რაც დღეს ბაზარზეა.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close