კატეგორიის გარეშე

ავტომობილი, რომელშიც მარი ჩაჯდა, ჩვენს ბიძაშვილს, ეკუთვნოდა. რატომ მოკლა მამაკაცმა ძმის ცოლი და რაში გამოიჭირა ის მკვლელობამდე…

38 წლის მარი ნ-ძე  გულ-მკერდის არეში მიყენებული დაზიანებებით  გარდაიცვალა – ახალგაზრდა ქალს სამი ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული, რომელთაგან ორი – სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. მარი ნ-ძე შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო.
 

loading...

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება. როგორც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, მარი ნ-ძეს სასიკვდილო ჭრილობები მაზლმა, 45 წლის ბესიკ ბ-ულმა მიაყენა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი მამაკაცი მკვლელობიდან მეორე დღეს დააკავეს. მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ რძალი ღალატის გამო მოკლა.
საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობა  ნაქირავებ ბინაში მოხდა, რომელიც მარი ნ-ძეს მეგობარ მამაკაცთან,

ნუკრი მ-ძესთან ერთად ჰქონდა ნაქირავები, სადაც ისინი მალულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ამის შესახებ ბესიკ ბ-ულმა თავისი ნაცნობისგან შეიტყო. მოგვიანებით ამის შესახებ მკვლელობაში ბრალდებულმა ჩვენებაში თქვა: „ჩემი უბნელი მამაკაცისგან შევიტყვე, რომ მარი ჩემს ძმას ღალატობდა. მან მითხრა, რამდენჯერმე ვნახე, ჩვენი უბნიდან მოშორებით როგორ ჩაუჯდა  მარი ავტომანქანაში უცნობ მამაკაცსო და ამის შემდეგ მოსვენება დავკარგე. ამას ისიც დაემატა, რომ ჩემი ძმა ძალიან შეიცვალა – სულ განერვიულებული იყო. როცა მიზეზი ვკითხე, არ დამიმალა და მითხრა: ბოლო დროს მე და მარი სულ ვჩხუბობთ და მეუბნება, უნდა დაგშორდეო. ძმას  ვერ გავუბედე იმის თქმა, რომ ცოლი ღალატობდა და მე თვითონ გადავწყვიტე ღალატში მისი გამოჭერა. მთელი თვე  ვდიე, ვუთვალთვალებდი და ბოლოს  საკუთარი თვალით  დავინახე,  რაც მეგობარმა მითხრა.  ყველაზე მეტად იმან გამამწარა, რომ ავტომობილი, რომელშიც მარი ჩაჯდა, ჩვენს შორეულ ბიძაშვილს,  აკაკის ეკუთვნოდა. იმავე საღამოს დავურეკე აკაკის და შეხვედრა ვთხოვე, თუმცა, არ ვუთხარი, რაშიც იყო საქმე; მოვიმიზეზე, ბიზნესს ვიწყებ და კონსულტაცია მინდა შენგან-მეთქი. მაგრამ აკაკიმ ჩემთან შეხვედრას თავი აარიდა და ამან უფრო დამარწმუნა, რომ აკაკისა და მარის შეხვედრა იმ დღეს, როცა მე ისინი ვნახე,  შემთხვევითი არ იყო. ერთ საღამოს, ნასვამი ვიყავი და ჩემს ძმასთან სახლში შევიარე. შინ მხოლოდ მარი იყო ბავშვებთან ერთად. ნასვამმა გავბედე და ვუთხარი – ვიცი, რაც ხდება და არაფერი დამიმალო-მეთქი. სასტიკად იუარა, პირიქით, ამიმხედრდა და ჩხუბი დამიწყო, ეს როგორ გამიბედეო; თუმცა, არ დამიმალა: შენი ძმა თავისი საქციელის გამო აღარ მიყვარს და უნდა გავშორდეო. ჩემი ძმა იდეალური ქმარი იყო და ჩემი რძლის ნათქვამზე ისე გავბრაზდი, თავი ვეღარ შევიკავე და სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე. ამ ინციდენტიდან სამი დღე იქნებოდა გასული, როცა ჩემმა ცოლმა მითხრა: დღეს ღამით მარი თბილისში არ იქნება და უმცროსი ბავშვი ჩვენ უნდა დავიტოვოთო. როცა მიზეზი ვკითხე, მითხრა: მისი კლინიკის ექიმები ბაკურიანში მიდიან ტრენინგზეო. მივხვდი, რომ ეს ტყუილი იყო და საღამოს სახლთან დავუდარაჯდი – სავარაუდოდ უკვე ვიცოდი იმ სახლის მისამართი, სადაც ის აკაკის ჩუმად ხვდებოდა. მარი სახლიდან ისე წავიდა, მისი კვალი დავკარგე, მაგრამ გვიან ღამით იმ ქუჩაზე მივედი, სადაც ჩემი ინფორმაციით ის თავის საყვარელთან ერთად ღამეს ათენებდა.”
საქმის მასალების მიხედვით,  ბესიკ ბ-ული რძალსა და მის საყვარელს თავზე მაშინ დაადგა, როდესაც ისინი ნაქირავებ ბინაში იმყოფებოდნენ. შემთხვევის ადგილზე მყოფი თვითმხილველების ჩვენების მიხედვით, გვიან ღამით მეზობლის ბინიდან ყვირილი და ხმაური შემოესმათ.
ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „ჩემი მეზობლის კუთვნილი ბინიდან, რომელიც ჩემს ეზოში მეორე სართულზე მდებარეობს, გვიან ღამით ყვირილი გავიგონე. ფანჯრიდან რომ გავიხედე, დავინახე, რომ კართან ახალგაზრდა მამაკაცი იდგა და თავით შემტვრევას ცდილობდა, ვინაიდან ბინაში მყოფები, ჩემთვის უცნობი ქალი და მამაკაცი, მას კარს არ უღებდნენ. მამაკაცმა კარის შემტვრევა ვერ შეძლო და ფანჯარასთან გადაინაცვლა. ფანჯარას გისოსები არ ჰქონდა, მაგრამ დაკეტილი იყო. სავარაუდოდ, მამაკაცი ნასვამი იყო, ვიღაცას საშინლად ლანძღავდა და მოკვლით ემუქრებოდა. სანამ მეზობლები აზრზე მოვედით, მამაკაცმა ფანჯარა შეამტვრია  და ბინაში  შევიდა – მე თვითონ დავინახე, როგორ გატეხა მინა. მოგვიანებით ეს ადგილი, სავარაუდოდ, იმ კაცის სისხლით იყო მოსვრილი. როდესაც მე და ჩემი მეუღლე ბინაში შევედით (რომლის დაკეტილი კარიც  თავად იმ მამაკაცმა გაგვიღო) საშინელი სურათი დაგვხვდა: შიშველი ახალგაზრდა ქალი საწოლში იწვა და, როგორც ჩანს, დანით იყო დაჭრილი, რადგან ყველაფერი სისხლით იყო მოსვრილი. ქალს გონება ჰქონდა დაკარგული. ჩემმა მეუღლემ მაშინვე პოლიცია გამოიძახა. არეულობაში მამაკაცმა დრო იხელთა და შემთხვევის ადგილიდან  გაიქცა. მოგვიანებით ერთ-ერთი მეზობელი ყვებოდა, როგორ გადახტა ფანჯრიდან მეორე მამაკაციც, რომელიც, სავარაუდოდ, ქალთან ერთად იმყოფებოდა დაკეტილ ბინაში. მეორე მეზობლის ჩვენებით,  განათებული და ღიად დატოვებული ფანჯრიდან მან საკუთარი თვალით დაინახა, როგორ უსწორდებოდა ბინაში შეჭრილი მამაკაცი საწოლში ქალს, რომელიც საავადმყოფოში სასწრაფო დახმარებით გადავიყვანეთ, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო.” 
ბრალდებულმა ბესიკ ბ-ულმა სასამართლო პროცესზე თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. გარდაცვლილი ქალის დედა და და ბრალდებულის განსაკუთრებული სიმკაცრით დასჯას მოითხოვდნენ. მათი განცხადებით, მაზლმა რძალი გაცნობისთანავე აითვალწუნა და თავის ძმას ხშირად სთხოვდა ცოლთან დაშორებას. მათი ჩვენების მიხედვით, ახალგაზრდა ქალის მიერ ქმრის ღალატი ბრალდებულის მოგონილი ვერსია იყო, რაც გამოძიების მიერ არ დადასტურდა. სასამართლომ  ბესიკ ბ-ულს  რძლის განზრახ მკვლელობისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close